კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ამ გვერდზე მარტივად აგიხსნით, რა მონაცემებს ვამუშავებთ, რისთვის ვიყენებთ, ვის ვუზიარებთ და როგორ შეგიძლიათ მათი მართვა.

ბოლო განახლება:

მოკლედ

  • რეკლამა არ გვაქვს, მონაცემებს არ ვყიდით და სხვა აპებსა თუ საიტებზე თვალს არ გადევნებთ.
  • ბავშვის პროფილი (სახელი, ასაკი, საყვარელი თემები და მოსმენის პროგრესი) მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე ინახება.
  • საკუთარი ხმით ჩაწერილი ზღაპრები თქვენს მოწყობილობაზე რჩება, სანამ ხმის ანგარიშში შენახვას თავად არ ჩართავთ.
  • პერსონალური ზღაპრისთვის არჩეულ ფოტოს მხოლოდ ერთხელ ვიყენებთ, გარეგნობის აღსაწერად, და არ ვინახავთ.
  • გადახდებს ლიცენზირებული საგადახდო სერვისი (Flitt) ამუშავებს. ბარათის სრულ ნომერს ჩვენ ვერ ვხედავთ.
  • ანგარიშისა და ყველა შენახული მონაცემის წაშლა აპიდანვე შეგიძლიათ.

1. ვინ ვართ

სიზმარა (Sizmara) ბავშვთა აუდიოზღაპრების აპია iPhone-ისთვის. აპსა და ამ ვებსაიტს ქმნის და მართავს ინდივიდუალური მეწარმე „ბიდლი“ (შემდგომში „ჩვენ“). თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ:

დამმუშავებელი
ინდივიდუალური მეწარმე „ბიდლი“
საიდენტიფიკაციო კოდი
01027071824
იურიდიული მისამართი
საქართველო, ქალაქი თბილისი, ევგენი აფხაზავას ქუჩა 22
ტელეფონი
+995 557 49 91 62
ელფოსტა
support@sizmara.app

ეს პოლიტიკა ეხება სიზმარას აპსა და ამ ვებსაიტს (sizmara.app).

2. რა მონაცემებს ვამუშავებთ

ანგარიში

აპის პირველი გახსნისას ავტომატურად იქმნება სტუმრის ანონიმური ანგარიში შემთხვევითი იდენტიფიკატორით, სახელისა და ელფოსტის გარეშე.

თუ მშობელი Apple-ით ან Google-ით შედის, ვიღებთ ანგარიშის ელფოსტის მისამართს და Apple-ის ან Google-ის მიერ მინიჭებულ იდენტიფიკატორს. Apple-ით შესვლისას ელფოსტის დამალვაც შეგიძლიათ. მაშინ Apple-ისგან ვიღებთ სპეციალურ მისამართს, რომელიც წერილებს თქვენს ნამდვილ ფოსტაზე გადაამისამართებს.

თუ ამ ვებსაიტზე შედიხართ Apple-ით ან Google-ით, ეს იგივე ანგარიშია, რაც აპში: ვიღებთ ელფოსტის მისამართს და Apple-ის ან Google-ის მიერ მინიჭებულ იდენტიფიკატორს. ვებსაიტზე Google-ით შესვლისას Google ასევე გვიზიარებს თქვენი Google ანგარიშის სახელსა და პროფილის სურათის ბმულს, რომლებიც ანგარიშთან ერთად ინახება.

ეს მონაცემები ჩვენს ღრუბლოვან მონაცემთა ბაზაში ინახება: Supabase-ში, ევროკავშირის რეგიონში (ფრანკფურტი, გერმანია).

ბავშვის პროფილი

პატარის სახელი, ასაკობრივი ჯგუფი, საყვარელი თემები და მოსმენის პროგრესი მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ამ მონაცემებს ჩვენ არ ვიღებთ.

მიკროფონი და ხმის ჩანაწერები

მშობელს შეუძლია ზღაპარი საკუთარი ხმით ჩაწეროს. აპი მიკროფონს მხოლოდ ჩაწერის დროს იყენებს. ხმის ჩანაწერები და ხმისთვის შერჩეული სახელი (მაგალითად, „დედა“) თქვენს მოწყობილობაზე რჩება.

ჩვენ მათ მხოლოდ მაშინ ვიღებთ, თუ რომელიმე ხმისთვის ჩართავთ „ანგარიშში შენახვას“. მაშინ ამ ხმის სახელი და ჩანაწერები ჩვენს სერვერზე ინახება: Supabase-ში, იქვე, სადაც ანგარიშები. ასე მათ მოისმენთ თქვენს სხვა მოწყობილობებზეც და მოისმენენ ოჯახის წევრებიც, რომლებსაც მოიწვევთ. ეს შესაძლებლობა აპში შეიძლება ჯერ ჩართული არ იყოს.

თუ „ანგარიშში შენახვას“ გამორთავთ, ხმას წაშლით ან ანგარიშს წაშლით, ეს ჩანაწერები და ხმის სახელი სერვერიდან წაიშლება.

ოჯახი და მოწვევები

მშობელს შეუძლია ოჯახის წევრები მოიწვიოს. ერთი ოჯახის წევრები ერთმანეთის ანგარიშში შენახულ ჩანაწერებს უსმენენ. ამისთვის ვინახავთ ოჯახის შემადგენლობას (ვინ რომელ ოჯახშია), სახელს, რომელიც თითოეულმა მშობელმა ოჯახისთვის საჩვენებლად აირჩია (მაგალითად, „დედა“), და მოწვევის კოდს. კოდი ერთხელ გამოიყენება და 7 დღე მოქმედებს.

სიზმარაში სხვა ოჯახის მოწვევაც შეგიძლიათ. ამ მოწვევის ბმულში თქვენი მოწვევის კოდია, რომელსაც თქვენს ანგარიშთან ერთად ვინახავთ. როცა ოჯახი სიზმარას ამ ბმულით უერთდება, ვინახავთ იმასაც, თუ რომელმა ანგარიშმა რომელი მოიწვია და რა საჩუქარი გაიცა (სიზმარა Plus-ის ერთი თვე).

იმისთვის, რომ ერთმა და იმავე ადამიანმა საჩუქარი ხელმეორედ ვერ მიიღოს, ვინახავთ ცალმხრივ გასაღებს. ეს არის მნიშვნელობა, რომელიც Apple-ის ან Google-ის მიერ მინიჭებული იდენტიფიკატორიდან გამოითვლება და რომლიდანაც ამ იდენტიფიკატორის აღდგენა შეუძლებელია. მასთან ერთად ვინახავთ თარიღს, როდესაც ეს გასაღები პირველად დაფიქსირდა. გასაღები და თარიღი ანგარიშის წაშლის შემდეგაც ინახება.

ოჯახი და მოწვევები აპში შეიძლება ჯერ ჩართული არ იყოს.

შეხსენებები, სტიკერები და ძილის ტაიმერი

ძილის დროის შეხსენება და კვირის შეჯამება თავად მოწყობილობაზე იქმნება. მათ საჩვენებლად ჩვენთან არაფერი იგზავნება, და push-შეტყობინებების მისამართს (ტოკენს) არ ვაგროვებთ.

სტიკერების ალბომი და ძილის ტაიმერის პარამეტრები მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე ინახება.

აპის შეფასების თხოვნა Apple-ის ან Google-ის საკუთარ ფანჯარაში იხსნება. თქვენს შეფასებას მხოლოდ მაშინ ვხედავთ, თუ ის მაღაზიაში გამოქვეყნდება.

პერსონალური ზღაპრები

როცა მშობელი პერსონალურ ზღაპარს ქმნის, ვინახავთ მის მიერ შეყვანილ მონაცემებს: ბავშვის სახელს, ასაკობრივ ჯგუფს, ნახატების სტილს, ზღაპრის თემას, სურვილისამებრ დამატებულ მოკლე შენიშვნას და გარეგნობის ნიშნებს, მაგალითად, თმისა და თვალების ფერს. ასევე ვინახავთ შექმნილ ზღაპარს: ტექსტს, ნახატებსა და გახმოვანებას. ეს ყველაფერი ჩვენს ღრუბლოვან საცავში რჩება, სანამ მშობელი ზღაპარს ან ანგარიშს არ წაშლის.

ზღაპრის ტექსტსა და ნახატებს Microsoft Azure OpenAI ქმნის, ამიტომ ამ მონაცემებს მას ვუგზავნით. გახმოვანებას ElevenLabs ქმნის. მას მხოლოდ ზღაპრის ტექსტს ვუგზავნით.

ჩატი. პერსონალურ ზღაპარს აპის ჩატში ქმნით: წერთ ბავშვის სახელს, ასაკს, გარეგნობას, ნახატების სტილს, ზღაპრის თემას და, სურვილისამებრ, მოკლე შენიშვნას. პასუხების გასაგებად თითოეული შეტყობინება იგზავნება ჩვენს სერვერზე (Supabase) და Microsoft Azure OpenAI-ში. შეტყობინებების ტექსტს ჩვენი სერვერი არ ინახავს და არც ტექნიკურ ჟურნალებში წერს. ჟურნალებში მხოლოდ რაოდენობები, ამოცნობილი განზრახვა და სტატუსი რჩება. თითოეული მშობლისთვის ვინახავთ დღიურ მთვლელებს: რამდენ შეტყობინებას უპასუხა ჩატმა და რამდენზე თქვა უარი. ეს მონაცემები ანგარიშთან ერთად იშლება. ფოტო ჩატში არ იგზავნება: მას მხოლოდ ზღაპრის შექმნისას ვაგზავნით, როგორც ქვემოთ არის აღწერილი.

ფოტო. ფოტო არასავალდებულოა: გარეგნობის აღწერა მის გარეშეც შეიძლება. თუ მშობელი ფოტოს აირჩევს, ის ერთხელ იგზავნება Microsoft Azure OpenAI-ში, რათა ბავშვის გარეგნობის მოკლე აღწერა შეიქმნას; ნახატები მხოლოდ ამ აღწერით იქმნება. ფოტოს ჩვენ არ ვინახავთ არც მონაცემთა ბაზაში, არც საცავში და არც ტექნიკურ ჟურნალებში. Microsoft-ს Azure OpenAI-ის პირობებით შეუძლია სერვისის მოთხოვნები ბოროტად გამოყენების მონიტორინგისთვის 30 დღემდე შეინახოს.

გადახდები

გადახდებს ლიცენზირებული საგადახდო სერვისი ამუშავებს: Flitt. ბარათის მონაცემები პირდაპირ საგადახდო სერვისს მიეწოდება, ამიტომ ბარათის სრულ ნომერს ჩვენ ვერასდროს ვხედავთ. თუ გამოწერის ავტომატური განახლებისთვის ბარათი Flitt-თან ინახება, ჩვენთან მხოლოდ ბარათის ტოკენი და ნიღბიანი ნომერი ინახება. ვინახავთ ასევე გამოწერის სტატუსს, საგადახდო სერვისის იდენტიფიკატორებს, გადახდების ჩანაწერებს და პერსონალური ზღაპრების კრედიტების ბალანსს.

ანალიტიკა

აპის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ PostHog-ს (აშშ). მას ფსევდონიმიზებულ მონაცემებს ვუგზავნით, რომლებიც მხოლოდ ანგარიშის შემთხვევით იდენტიფიკატორს უკავშირდება. ესენია: მოვლენები (მაგალითად, „აპი გაიხსნა“ ან „ზღაპარი ჩაირთო“), ეკრანები, რომლებსაც ხსნით, ღილაკები, რომლებსაც ეხებით (მხოლოდ ინტერფეისის ელემენტის დასახელება და არა მასზე გამოტანილი ტექსტი), შეცდომები და თქვენი მიახლოებითი მდებარეობა (ქვეყანა და ქალაქი). მდებარეობა IP მისამართით დგინდება; PostHog ისეა გამართული, რომ თავად მისამართს არ ინახავს. PostHog-ს ეკრანის ჩანაწერიც ეგზავნება: მასში ყველა ტექსტი დაფარულია, ხოლო პერსონალური ზღაპრის შექმნის ეკრანები და ის ეკრანები, სადაც ზღაპარს საკუთარი ხმით იწერთ ან ხმებს მართავთ, საერთოდ არ იწერება. სახელს, ელფოსტას, ბავშვის სახელს, ფოტოებს ან თქვენ მიერ აკრეფილ ტექსტს PostHog-ს არასდროს ვუგზავნით.

ანალიტიკა იმასაც აღრიცხავს, რომ ხმის ჩაწერა, ოჯახი, მოწვევები, შეხსენებები, სტიკერები ან ძილის ტაიმერი გამოიყენეთ. თავად ხმის ჩანაწერს, ხმის ან ოჯახის წევრის სახელს, შეხსენების ტექსტსა და მოწვევის კოდს PostHog-ს არასდროს ვუგზავნით.

ანალიტიკის გამორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მშობლის ზონაში: გამორთეთ „დაგვეხმარეთ აპის გაუმჯობესებაში“.

ვებსაიტი

ეს საიტი (sizmara.app) Vercel-ზეა განთავსებული. საიტის მისაწოდებლად და დასაცავად Vercel ამუშავებს ტექნიკურ მონაცემებს, მაგალითად, IP მისამართს. საიტზე არ არის რეკლამა და ქუქი-ფაილები, შრიფტები კი თავად ამ საიტიდან იტვირთება.

ვიზიტებს PostHog-ით ვითვლით ქუქი-ფაილების გარეშე და ისე, რომ თქვენს ბრაუზერში არაფერი ინახება: რომელი გვერდები იხსნება, რომელ ღილაკებს აჭერენ და რომელი ქვეყნიდან და ქალაქიდან არის ვიზიტორი. ქვეყანა და ქალაქი IP მისამართით დგინდება, თავად მისამართი კი არ ინახება. ვიზიტი არ უკავშირდება სახელს ან ელფოსტას. თუ თქვენი ბრაუზერი „Do Not Track“ ან „Global Privacy Control“ სიგნალს აგზავნის, არაფერს ვითვლით.

ზღაპრის გვერდზე (sizmara.app/s/…) ზღაპრის დასაწყისის მოსმენა შეგიძლიათ, არაუმეტეს ერთი წუთისა. აუდიო თავად ამ საიტიდან იტვირთება, ამ გვერდებზე კი იგივე ანალიტიკა მოქმედებს, რაც ზემოთ არის აღწერილი.

ზღაპრის ბმულში მხოლოდ ზღაპრის მისამართია. მოწვევის ბმულში მხოლოდ მოწვევის კოდია: არც სახელი, არც ელფოსტა და არც სხვა რამ თქვენ ან თქვენი შვილის შესახებ. მოწვევის კოდი ანალიტიკაში არ იგზავნება.

ვებსაიტზე შესვლისას სესია თქვენი ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში (local storage) ინახება, რომ ყოველ ჯერზე თავიდან შესვლა არ დაგჭირდეთ. სესია იქ რჩება, სანამ ანგარიშიდან არ გახვალთ. მას მხოლოდ შესვლისთვის ვიყენებთ და არა თვალთვალისთვის.

შესასვლელად ვებსაიტი Apple-ის სკრიპტს Apple-ის სერვერიდან ტვირთავს, Supabase-ის ბიბლიოთეკას კი jsDelivr-ის ქსელიდან. ნებისმიერი საიტის მსგავსად, ეს სერვისებიც იღებენ ტექნიკურ მონაცემებს, მაგალითად, IP მისამართს.

3. რისთვის ვიყენებთ მონაცემებს

მონაცემებს მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის ვიყენებთ:

  • მომსახურების მისაწოდებლად: ანგარიშისთვის, ზღაპრების ჩამოსატვირთად, პერსონალური ზღაპრების შესაქმნელად და Plus-ის გამოწერისთვის. საფუძველი: ხელშეკრულების შესრულება.
  • აპის გასაუმჯობესებლად და შეცდომების მოსაძებნად ანალიტიკით, რომლის გამორთვაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. საფუძველი: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი.
  • გადახდების აღრიცხვისთვის. საფუძველი: კანონით დაკისრებული ვალდებულება.
  • მომსახურების დასაცავად და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. საფუძველი: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი.

მონაცემებს რეკლამისთვის არ ვიყენებთ, არ ვყიდით და სარეკლამო ქსელებს არ ვუზიარებთ.

4. ვის ვუზიარებთ

მონაცემებს მხოლოდ იმ კომპანიებს ვუზიარებთ, რომლებიც სიზმარას მუშაობაში გვეხმარებიან. ისინი მონაცემებს ჩვენი დავალებით და მხოლოდ ამ მიზნებისთვის ამუშავებენ:

  • Supabase ანგარიშები, მონაცემთა ბაზა და ფაილები. ევროკავშირი (ფრანკფურტი, გერმანია).
  • Microsoft Azure OpenAI პერსონალური ზღაპრის ტექსტი და ნახატები, ჩატის შეტყობინებების გაგება, ფოტოდან გარეგნობის აღწერა.
  • ElevenLabs პერსონალური ზღაპრის გახმოვანება. იღებს მხოლოდ ზღაპრის ტექსტს.
  • Flitt გადახდები და გამოწერები. TPAY LLC, საქართველო.
  • PostHog აპის ანალიტიკა. აშშ. მისი გამორთვა მშობლის ზონაში შეგიძლიათ.
  • Vercel ამ ვებსაიტის ჰოსტინგი.

ზოგიერთი მათგანი მონაცემებს საქართველოსა და ევროკავშირის გარეთ ამუშავებს, მაგალითად, PostHog აშშ-ში.

Apple-ით ან Google-ით შესვლისას ეს კომპანიები მონაცემებს საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით ამუშავებენ.

მონაცემებს სხვას მხოლოდ მაშინ გადავცემთ, როცა ამას კანონი მოითხოვს.

5. ბავშვები

ანგარიშის მფლობელი მშობელი ან მეურვეა. სიზმარა იმისთვისაა შექმნილი, რომ მშობლებმა ის შვილებთან ერთად გამოიყენონ: ზღაპრებს ბავშვები უსმენენ, ანგარიშს, პარამეტრებსა და პერსონალურ ზღაპრებს კი მშობელი მართავს. აპში შესვლა და პერსონალური ზღაპრები მშობლის ზონაშია, პროფილის ბოლოს.

ბავშვებს ანგარიშის შექმნის საშუალებას შეგნებულად არ ვაძლევთ. თუ გავიგებთ, რომ ანგარიში ბავშვმა შექმნა, მას წავშლით.

ბავშვებისგან მონაცემებს პირდაპირ არ ვაგროვებთ. ბავშვის სახელს ან ფოტოს მხოლოდ მშობლისგან ვიღებთ, პერსონალური ზღაპრის შესაქმნელად. ფოტო ერთხელ იგზავნება Microsoft Azure OpenAI-ში და სიზმარა მას არ ინახავს. Microsoft-ს Azure OpenAI-ის პირობებით შეუძლია სერვისის მოთხოვნები ბოროტად გამოყენების მონიტორინგისთვის 30 დღემდე შეინახოს. აპში რეკლამა არ არის.

ყველაფრის წაშლა აპიდანვე შეგიძლიათ: მშობლის ზონაში აირჩიეთ „ანგარიშის წაშლა“. წაიშლება ანგარიში, პერსონალური ზღაპრები და ჩვენთან შენახული ყველა მონაცემი. ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე support@sizmara.app და ყველაფერს ჩვენ წავშლით.

თუ ფიქრობთ, რომ ბავშვმა მშობლის ნებართვის გარეშე მოგვაწოდა მონაცემები, დაგვიკავშირდით და მათ წავშლით.

6. შენახვის ვადა და წაშლა

მონაცემებს ვინახავთ, სანამ მშობელი მათ არ წაშლის:

  • პერსონალური ზღაპრის წაშლა აპიდან შეგიძლიათ. ვშლით მის ტექსტს, ნახატებსა და გახმოვანებას.
  • ანგარიშის წაშლა მშობლის ზონაშია. ის შლის ანგარიშს, პერსონალურ ზღაპრებს და ჩვენთან შენახულ ყველა მონაცემს, აქტიურ გამოწერას კი აუქმებს.
  • ანგარიშში შენახული ხმის ჩანაწერები და ხმის სახელი სერვერიდან იშლება, როცა „ანგარიშში შენახვას“ გამორთავთ, ხმას წაშლით ან ანგარიშს წაშლით.
  • თქვენი ადგილი ოჯახში და ოჯახისთვის არჩეული სახელი იშლება, როცა ოჯახს დატოვებთ, ოჯახიდან ამოგშლიან ან ანგარიშს წაშლით.
  • ანგარიშის წაშლის შემდეგაც რჩება მოწვევის მონაცემების ნაწილი: მოწვევის ჩანაწერი წაშლილ ანგარიშს აღარ უკავშირდება, მაგრამ მასში რჩება მოწვევის კოდი და გაცემული საჩუქარი. რჩება ცალმხრივი გასაღებიც თავისი თარიღით, რომ საჩუქრის ხელმეორედ მიღება შეუძლებელი იყოს. დაწვრილებით: ოჯახისა და მოწვევების ნაწილი.
  • გადახდების ჩანაწერები ბუღალტრული აღრიცხვისთვის საგადახდო სერვისთან (Flitt-ში) რჩება, რამდენადაც ამას კანონი მოითხოვს.
  • შენახული ბარათის ტოკენი და ნიღბიანი ნომერი სამუდამოდ იშლება, როცა ბარათს წაშლით ან ანგარიშს წაშლით.
  • ფოტოს ჩვენ საერთოდ არ ვინახავთ. Microsoft-ის შესაძლო 30-დღიანი შენახვის შესახებ იხილეთ პერსონალური ზღაპრების ნაწილი.
  • ანალიტიკის მოვლენები მხოლოდ ანგარიშის შემთხვევით იდენტიფიკატორს უკავშირდება და არა თქვენს სახელს ან ელფოსტას.
  • ვებსაიტზე ანგარიშიდან გასვლისას სესია ამ ბრაუზერიდან იშლება.

7. თქვენი უფლებები

საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და, ევროკავშირში მცხოვრებთათვის, GDPR-ის მიხედვით, გაქვთ უფლება:

  • გაიგოთ, რა მონაცემებს ვამუშავებთ, და მიიღოთ მათი ასლი;
  • მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება;
  • მოითხოვოთ მონაცემების წაშლა;
  • მოითხოვოთ დამუშავების შეზღუდვა ან გააპროტესტოთ ის;
  • ნებისმიერ დროს გამორთოთ ანალიტიკა;
  • საჩივრით მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ხოლო ევროკავშირში თქვენი ქვეყნის მონაცემთა დაცვის ორგანოს.

ანგარიშისა და მონაცემების წაშლა აპიდანვე შეგიძლიათ. სხვა მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით. კანონით დადგენილ ვადაში გიპასუხებთ.

8. უსაფრთხოება

მონაცემები დაშიფრული კავშირით (HTTPS) გადაიცემა. მონაცემთა ბაზაში წვდომა წესებით არის შეზღუდული: თითოეულ მშობელს მხოლოდ საკუთარ მონაცემებზე მიუწვდება ხელი. პერსონალური ზღაპრების ფაილები დახურულ საცავშია და მათზე წვდომა მხოლოდ დროებითი ბმულებით ხდება.

9. ცვლილებები

პოლიტიკის განახლებისას ამ გვერდზე თარიღს შევცვლით. მნიშვნელოვან ცვლილებებზე აპში ან ამ საიტზე წინასწარ გაცნობებთ.

10. კონტაქტი

კითხვებისა და მოთხოვნებისთვის დაგვიკავშირდით. პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე დახმარების გვერდზეც ნახავთ.

ელფოსტა: support@sizmara.app

ტელეფონი: +995 557 49 91 62

დამმუშავებელი: ინდივიდუალური მეწარმე „ბიდლი“, საიდენტიფიკაციო კოდი 01027071824, საქართველო, ქალაქი თბილისი, ევგენი აფხაზავას ქუჩა 22.